სარჩევი

Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

1/15/2014

რატომ არ ასრულებს უმცროსკლასელი დავალებას
სიახლეების არქივი14 იანვარი , 2014
სამუშაოდან დაბრუნებული მშობლები ხშირად ეკითხებიან შვილებს, მოამზადეს თუ არა სკოლის გაკვეთილები. თუ ბავშვი ატყუებს ან კითხვას უპასუხოდ ტოვებს, ოჯახში ჰარმონია ირღვევა, მწიფდება კონფლიქტი მამებსა და შვილებს შორის. რატომ არ ამზადებენ გაკვეთილებს ის მოსწავლეები, ვისაც გარდატეხის ასაკის ჯერ არ დაწყებია?

მიზეზი 1 - ბავშვი კონკრეტულ საგანს ვერ ერევა და ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია, მაგრამ ყველაფერი რთულდება მაშინ, როდესაც ის გულს იცრუებს საგანზე და მის მიმართ ინტერესს კარგავს. სამწუხაროდ, ყოფითი საქმეებითა და სამსახურით გართული მშობლები იმის სანაცვლოდ, რომ დაეხმარონ, საშინაო დავალებას თვითონ უწერენ. დათვური სამსახური მოსწავლის მდგომარეობას სწრაფად ამძიმებს - მასწავლებელი დაფასთან იძახებს და იქვე „შიფრავს", რომ წინა გაკვეთილი ვერ გაიგო ან არ უსწავლია. ბავშვი დაბალ შეფასებას იღებს და სხვა მოსწავლეების დაცინვის ობიექტი ხდება.
ამიტომ არის აუცილებელი ბავშვმა სკოლის მასალა დროულად გაიაზროს. ამისათვის კი მშობელმა ქცევის სწორი სტრატეგია უნდა დასახოს და ის მკაცრად აღასრულოს. მშობელს არ უნდა ეზარებოდეს მასწავლებელთან დაკავშირება ან ბავშვის სახელმძღვანელოებში ჩახედვა, გადაკითხვა, დამატებითი მასალის მოძიება, რომლის დახმარებით შვილს დააინტერესებს და საგანთან დააბრუნებს.
მიზეზი 2 - ხშირია, როდესაც კარგი მოსწავლე მოულოდნელად წყვეტს გაკვეთილების სწავლას. ბავშვს უვითარდება სინდრომი, რომელიც თავბრუდამხვევი წარმატებისგან ჩნდება. მას ჰგონია, რომ გაკვეთილის დროს აუცილებლად მოიფიქრებს რაიმე პასუხს და „ფონს იოლად გავა", წერილობითი დავალების შესრულებას კი შესვენების დროსაც მშვენივრად მოახერხებს, მაგრამ საბოლოოდ სხვა შედეგს იღებს - წარჩინებული მოსწავლე მშობელს და მასწავლებელს „თვალსა და ხელს შუა ეცლება" და საშუალო მოსწრების მოსწავლეთა სიაში ინაცვლებს. ზოგჯერ ბავშვს ისიც წყინდება, რომ კლასში უკონკურენტოა და სწავლას წყვეტს. ამ შემთხვევაში სასურველია მასწავლებელმა დამატებითი დავალებები მისცეს.
მიზეზი 3 - ცხადია, მშობლების უმრავლესობას აღელვებს ბავშვების ნიშნები. ბავშვებიც მტკივნეულად განიცდიან მასწავლებლის დაბალ შეფასებას. ტოტალური კონტროლის გამო, მათ ხშირად უჩნდებათ ფობიები, რადგან ეჩვენებათ, რომ უმჯობესია რომელიმე წარმატებული მოსწავლისგან გადაიწერონ და ამ გზით მიიღონ კარგი ნიშანი, ვიდრე თვითონ შეასრულონ დავალება და „საქმე გაიფუჭონ".
მშობლები ხშირად აშინებენ ბავშვებს იმით, რომ უნივერსიტეტში ვერ ჩააბარებენ, მაგრამ დაშინების ამ მეთოდეს ფსიქოლოგები დაბალეფექტურად მიიჩნევენ. მეორეკლასელისთვის ეს მუქარა გაუგებარია - მისთვის ძნელი წარმოსადგენია როგორი იქნება 17 წლის ასაკში. მშობლებმა და მასწავლებლებმა ისიც არ უნდა დაივიწყონ, რომ ზრდასრულ ცხოვრებაში არც ყველა ფრიადოსანია წარმატებული. ამიტომ „დაძალებით" სწავლაზე ენერგიის ხარჯვა ფუჭია.
მიზეზი 4 - სკოლის შემდეგ ბავშვმა აუცილებლად უნდა დაისვენოს, ისეირნოს მეგობრებთან ერთად, დაკავდეს თავისი ჰობით. არასასურველია ტელევიზორთან და კომპიუტერთან ჯდომა - ბავშვი მათ რთულად ელევა.

საშინაო დავალებისთვის განკუთვნილი დრო და ადგილი ფიქსირებული იყოს. თუ ბავშვს სამეცადინოდ თავისი ოთახი არ აქვს, საკუთარი მაგიდა ან კუთხე მაინც უნდა ჰქონდეს. მეცადინეობისას აუცილებელია დროდადრო შეისვენოს. ხშირად მშობლები ბავშვებისათვის ცუდი მაგალითი არიან, როდესაც დანაპირებს არ ასრულებენ და მათი შემყურე ბავშვებისთვისაც უპასუხისმგებლობა ბუნებრივი თვისებების რანგში გადადის.
მოამზადა ირმა კახურაშვილმა

Комментариев нет:

Отправить комментарий

სიამოვნებით გავეცნობი თქვენს მოსაზრებებს, ნუ დაიზარებთ კომენტარის დატოვებას, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია! :)