სარჩევი

Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

5/13/2015

გაიგეთ, როგორი ნერვული სისტემა აქვს თქვენს შვილს და როგორ უნდა მოექცეთ მას

გაიგეთ, როგორი ნერვული სისტემა აქვს თქვენს შვილს და როგორ უნდა მოექცეთ მას
გაიგეთ, როგორი ნერვული სისტემა აქვს თქვენს შვილს და როგორ უნდა მოექცეთ მას
ნერვული სისტემის ინდივიდუალური თავისებურება გამოვლინდება ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით - როგორ გამოხატავს სხვადასხვა ემოციას ბავშვი, როგორია მეგობრებთან ურთიერთობაში, მალე სწყინდება თუ არა სათამაშო, და მრავალი სხვა. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მკაფიოდ გამოვლინდება მისი ინდივიდუალური თავისებურებები.

ადვილად აგზნებადი ბავშვი (ქოლერიკი)
თავდაჯერებული, ფეთქებადი, მიზანდასახული, ხშირად გაუწონასწორებელი, ემოციური, წამიერად იღებს გადაწყვეტილებას, ამიტომ მისი იდეები ხშირად საინტერესოა. ქოლერიკი ძალიან მოძრავია, ადვილად ეცვლება ხასიათი. ძნელია გამოიცნო, თუ როგორ მოიქცევა ის უცხო გარემოში - რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა. ბავშვი ქოლერიკი ხშირად მოჩხუბარი და მოუსვენარია, უშიშარი და თავდაჯერებულია. შეიძლება გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალოს. უყვარს რისკი და თავგადასავლები. ადვილად გადადის მხიარულებიდან მოწყენილობაში. მშვიდად იძინებს, ბევრს მოძრაობს საწოლში, ადვილად ეღვიძება. ხმამაღლა საუბრობს, ხმაურიანია, ადვილად შედის კონტაქტში ბავშვებთან და იმის გამო, რომ თავის სურვილებს ვერ ისრულებს, კონფლიქტის ინიციატორი ხდება. იმდენად, რამდენადაც ასეთი ბავშვები უფრო ხშირად აგზნებულები არიან, ვიდრე თავშეკავებულები, რეკომენდაცია ასეთი იქნება:
ყველა გამაღიზიანებელი ფაქტორი მოაშორეთ (ხმამაღალი მუსიკა, ხმამაღალი ლაპარაკი, ხმაურიან ბავშვებთან თამაში, დიდი თავშეყრის ადგილები); დაიცვით დადგენილი რეჟიმი; გააძლიერეთ თავშეკავების პროცესი მშვიდი თამაშით - იმისთვის, რომ ენერგიებმა და ნერვებმა არ უმტყუნოს და ხანდახან მაინც იყოს მშვიდად. მეტისმეტი აგზნებადობა არავის რგებს.
დაგეხმარებათ მშვიდი თამაშები, მაგალითად, „ გაშეშობანა", კონსტრუქტორით თამაში. სთხოვეთ ააშენოს რაიმე შენობა. თქვენ განაგრძეთ თქვენი საქმე, თან შეხედეთ, როგორ ასრულებს დავალებას, მიეცით რჩევები. დაამშვიდებს ხატვა, ძერწვა, აპლიკაცია, საბავშვო ლოტოს თამაში, ჭადრაკი.
ყველაზე ხშირი შეცდომები, რომელებსაც მშობლები ასეთი ტემპერამენტის მქონე ბავშვებთან უერთიერთობისას უშვებენ არის მკაცრი კონტროლი, აქტივობის შეზღუდვა, რაც იწვევს ბავშვის უფრო მეტად გაღიზიანებას და მშობელი კარგავს ბავშვთან კონტაქტს.
ასეთ ბავშვს ესაუბრეთ მშვიდი ტონით და ხმადაბლა. ამასთან, უფროსის ტონი უნდა იყოს მომთხოვნი და არ განიხილებოდეს მოლაპარაკებები. რამდენადაც შესაძლებელი იქნება, შეუზღუდეთ ტელევიზორთან ჯდომის დრო. თუ დღემ მშვიდად ჩაიარა, აღნიშნეთ და შეაქეთ ბავშვი. ცუდად მოქცევის შემთხვევაში, შენიშვნა მიეცით მხოლოდ მაშინ, როცა გაბრაზება გაუვლის და დამშვიდდება.

ბავშვი სუსტი ნერვული სისტემით (მელანქოლიკი)
ადვილად აგზნებადი ბავშვებისგან განსხვავებით, ამ ბავშვებს სუსტი აქვთ არა მარტო თავშეკავების, არამედ აგზნების პროცესებიც. ასეთი ტიპის ბავშვი სავსებით სრულფასოვანია, მაგრამ ნაკლებად აქტიური, პასიურიც კი, მალე ღიზიანდება და ადვილად სწყინს. თავის თავში არ არის დარწმუნებული, იმაშიც კი - რაც კარგად იცის და გამოსდის. ასეთი ბავშვი იშვიათად იცინის, ხმაურიანი ბავშვები მას ღლიან. დიდხანს ახსოვს წყენა და ძალიან განიცდის ამას. თავის თავში ჩაკეტილია, მგრძნობიარეა მოფერებისას, აქვს შენელებული რეაქციები.
იმდენად, რამდენადაც პატარა მელანქოლიკი გულდახურულია, ხშირად მშობლები ვერ ამჩნევენ მის პრობლემებს. გამუდმებითი საყვედურით, რომ ზარმაცია და უინტერესო, მშობლები კიდევ უფრო უღვივებენ არასრულფასოვნების კომპლექსს.
ასეთი ტიპის ბავშვთან ურთიერთობის დროს საჭიროა შევაჩვიოთ ერთად თამაშს, შემდეგ მოთამაშეთა რაოდენობა ნელ-ნელა გაზარდეთ, თქვენც ჩაერთეთ თამაშში. ეცადეთ, მარტო არ დატოვოთ, რათა არ ჩაუღრმავდეს თავის პრობლემებს. ეცადეთ დამოუკიდებლად
აკეთოს ესა თუ ის საქმე, თუნდაც არ გამოუვიდეს, მაინც. ესაუბრეთ მშვიდად, მაგრამ დამაჯერებლად. ორგანიზება გაუწიეთ იმას, რომ ხშირად ჰქონდეს ურთიერთობა უფროსებთან და ბავშვებთან, შეაქეთ კარგი საქციელისთვის და ხშირად წაახალისეთ.

შენელებული ბავშვი (ფლეგმატიკი)
ფლეგმატიკი ნელი და შინაგანად მშვიდი ბავშვია, შენელებული რეაქციები და ქმედებები აქვს, აღუშფოთებელია, მდგრადი. სკოლამდელ ასაკში რამდენიმე საყვარელი სათამაშოთი თამაშობს, არ უყვარს ხმაური და სირბილი, სამაგიეროდ უყვარს ჭამა და ძილი. ბავშვობიდან აკურატულად ალაგებს ტანსაცმელსა და სათამაშოებს. პატარა ფლეგმატიკს შეუძლია საათობით ითამაშოს ისე, რომ არ შეუშალოს ხელი უფროსებს. მაგრამ მას შეუძლია მოაწყოს სკალნდალი, თუ არ მისცემენ თავის ჭიქას ან კოვზს და საერთოდ უკმაყოფილოა, როცა ირღვევა მისი დღის რეჟიმი.
ნუ ეცდებით, ყვირილითა და სკანდალებით აიძულოთ გაკვეთილების მომზადება; თუ იგი გეწინააღმდეგებათ, არ ღირს ჯიუტად მოახვიოთ თავზე თქვენი შეხედულებები. არ დაუძახოთ უქნარა,ზარმაცი და მსგავსი „საალერსო“ სიტყვები.
საყურადღებოა! თუ თქვენ გამუდმებით სჯით ბავშვს თავისი ნელი საქციელისთვის, მას გამოუმუშავდება თავისი ქმედებების შიში და განუვითარდება არასრულფასოვნების გრძნობა.
ასეთი ბავშვის აღზრდა მოითხოვს მოთმინებას. ნუ დააჩქარებთ და ნუ ეჩხუბებით ამის გამო: “ისევ ბოლო გამოხვედი?“ და ა.შ. იმდენად, რამდენადაც ბავშვი არ არის მოძრავი, უბიძგეთ მოძრაობისკენ: მიიყვანეთ სპორტზე, ტანვარჯიშზე. ეცადეთ, დააახლოოთ აქტიურ და მოძრავ ბავშვებთან. შესთავაზეთ თამაშები: „აბა, ვინ გაასწრებს?“ დააჩქარებინეთ ტემპი მიმზიდველი პერსპექტივით. მაგ: “თუ ჩქარა ჩაიცვამ, არ დააგვიანებ ცირკში“, და ა. შ.

აქტიური და კონტაქტური ბავშვი (სანგვინიკი)
სიცოცხლით სავსე, ძლიერი, გაწონასწორებული ადამიანია. ბავშვობაში ასეთი ბავშვი ნამდვილი მზეა. კარგი ხასიათის, ცნობისმოყვარე, აქტიური, შეუძლია საკუთარი ემოციების კონტროლი. მოზრდილი ახდენს ოპტიმისტის, თავის თავში დარწმუნებული ადამიანის შთაბეჭდილებას. რთულ სიტუაციებში არ კარგავს იუმორის გრძნობას, მაგრამ ხშირად დაწყებული საქმე ბოლომდე არ მიჰყავს.
სანგვინიკი ადვილად უგებს სხვა ადამიანებს, არ არის მომთხოვნი გარშემო მყოფთა მიმართ. ხშირად იკავებს ლიდერის პოზიციას კომპანიაში. პატარა სანგვინიკები კითხვაზე “ვისთან მეგობრობ?“ პასუხობენ: „ ყველასთან“.
ასეთ ბავშვთან მშობელს უიოლდება ურთიერთობა. ადვილად იძინებს და ადვილად იღვიძებს. შეუძლია თამაშის დროს ერთდროულად იუფროსოს და დაგემორჩილოს კიდეც. ბევრ შეკითხვას სვამს, გახსოვდეთ: ის ადვილად ექცევა სხვის ზემოქმედების ქვეშ, როგორც კარგის, ასევე ცუდის. მალე იღლება ერთი და იგივე საქმის კეთებით.
სანგვინიკი ადვილად ურთიერთობს, სიცოცხლით სავსეა, მალე ითვისებს სკოლის პროგრამას და მშობელი ხშირად ბოლომდე არ აკონტროლებს მას, თუმცა მისი ცოდნა ზედაპირულია.
საჭიროა დაეხმაროთ ასეთ ბავშვს, გააკეთოს ყველაფერი მოწესრიგებულად, მაგ: დაკეცოს ტანსაცმელი, დაალაგოს სათამაშოები. თუ დავალება არასწორად დაწერა, მაშინვე გაასწორებინეთ. კონტროლი მშობლის მხრიდან უნდა იყოს სისტემატიური, მოთხოვნა - მკაცრი და ყოველდღიური.

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ინდივიდუალური მიდგომა - ბავშვის თავისებურებების გათვალისწინებით, დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ მისი ნატურის დადებითი მხარეები. ტემპერამენტის ტიპი - მომავალი ხასიათის ჩამოყალიბების საფუძველია, რომელიც პიროვნების ქმედებებში აისახება.