პირველკლასელთა ქცევის წესები
კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ჩვენი კლასის ბლოგზე! მოხარული ვიქნები, თუ ამ გვერდების დათვალიერება თქვენთვის საინტერესო იქნება :)
1/19/2015
1/15/2015
მასწავლებელი - მშობელს :)
მასწავლებელი - მშობელს |
თარიღი: 19 დეკემბერი 2014 |
ავტორი: თეა ბერიძე |
ჩემი სკოლის დერეფნებში, ქართველ მწერალთა თუ საზოგადო მოღვაწეთა პორტრეტების გვერდით გამოკრული ფრთიანი გამონათქვამებიდან ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: „რა ქნას სკოლამ, თუ გაზრდაში შვილს დედაც არ დაეხმარა". ეს ფრაზა თან მდევს დღესაც, როცა უკვე მასწავლებელი ვარ, რადგან, სამწუხაროდ, შვილის სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობა ბავშვის კლასიდან კლასში გადასვლის პირდაპირპროპორციულად მცირდება. თანაც ზოგიერთი მშობელი ვერ ხედავს ზღვარს ჩართვასა და ჩარევას შორის, რაც, შესაძლოა, ბავშვისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
მასწავლებლისთვის მშობლებთან კომუნიკაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო რამაა. თუ გყავს 20 მოსწავლე, ეკონტაქტები, სულ მცირე, 40 მშობელს, თუ არ ჩავთვლით ბებია-ბაბუებსა და გასათხოვარ დეიდა-მამიდებს, რომლებსაც თავიანთ უშუალო მოვალეობად მიაჩნიათ ბავშვის აღზრდა-განათლებაში მონაწილეობა.
თანამედროვე განათლების სისტემიდან გამომდინარე, ტრიადა ბავშვი-მასწავლებელი-მშობელი განუყოფელია. მასწავლებელიც და მშობელიც ორიენტირებულნი უნდა იყვნენ ბავშვის კეთილდღეობაზე. ზოგიერთ მშობელს სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობა თავისებურად ესმის, ცდილობს, დაიცვას შვილი მასწავლებლისგან, რადგან მასში თანამოაზრის ნაცვლად დაუძინებელ მტერს ხედავს.
გახსოვდეთ, ნებისმიერი მასწავლებელი საუკეთესო შედეგზეა ორიენტირებული, ამიტომ თუ ის შენიშვნას ან რჩევას გაძლევთ ბავშვთან მუშაობის შესახებ, გაითვალისწინეთ, რადგან ზოგჯერ ის უკეთ ხედავს, რა გამოსდის და რა უჭირს თქვენს შვილს.
რჩევა #1 - დაინახეთ მასწავლებელში თანამოაზრე და გაითვალისწინეთ მისი რჩევები.
ზოგჯერ მშობელს აღიზიანებს, როცა შვილზე შენიშვნას ისმენს; ურჩევნია, პრობლემა სხვას გადააბრალოს. ერთ კლასში ხშირად მოდიოდნენ ბავშვები და წუწუნებდნენ, რომ თანაკლასელი მათ ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა. რა თქმა უნდა, ბავშვი თავს იმართლებდა - მაბრალებენო. ორჯერ ჩემი ყურით გავიგონე მისგან ცუდი სიტყვები, დავიბარე მშობელი და პრობლემის შესახებ მოვუყევი. მისმა სიტყვებმა გამაოცა: „კი მაგრამ, სახლში არ იგინება. ალბათ, თანაკლასელები აძლევენ ცუდ მაგალითს". ხშირად ვიბარებ და ფსიქოლოგის თანდასწრებით ვესაუბრები მშობლებს მათი შვილების აგრესიული ქცევის შესახებ. დაკვირვებული ვარ, მათი უმეტესობა, 90% მაინც, შვილის აგრესიულ ქცევას აბრალებს სხვებს - თანაკლასელებს, თანასკოლელებს.
რჩევა #2 - თვალი გაუსწორეთ პრობლემას, რათა მისი მოგვარება შეძლოთ.
ელენე დილით ჩამქრალი თვალებით შემოვიდა საკლასო ოთახში, არავის გამოლაპარაკებია, მივიდა თავის მერხთან, მშვიდად დაჯდა, ხელები მერხზე დააწყო, თავი ჩარგო და აღარც აუწევია. 3-4 გაკვეთილი ასე იყო. მერე, როგორც ჩანს, ვეღარ მოითმინა, წამოდგა და თქვა, რომ მისი მასწავლებლები არ იყვნენ დეგენერატები (მე შემეძლო ამ სიტყვის შეცვლა, მაგრამ განგებ არ ვცვლი, რათა ზუსტად გამოჩნდეს კონკრეტული მშობლის სახე). რა თქმა უნდა, ჩავეძიეთ, რას გულისხმობდა. აღმოჩნდა, რომ დედამისს რაღაც არ მოსწონებია და შვილის თანდასწრებით გაულანძღავს პედაგოგები. „მრცხვენია თვალებში შემოხედვა, დედამ არ იცის, რომ თქვენ კარგები ხართ", - ამბობს ელენე და ტირილს იწყებს.
რა თქმა უნდა, მასწავლებელი ბავშვისთვის ავტორიტეტია, მისაბაძი, მნიშვნელოვანი ფიგურა და როცა მშობელი შვილის თანდასწრებით ასე აკნინებს მას, ეს ბავშვისთვის სტრესია. მოსალოდნელია მეორე უკიდურესობაც - თუ დაგიჯერათ, მისი დისციპლინა და აკადემიური შედეგი კონკრეტული მასწავლებლის საგანში ძალიან დაეცემა.
რჩევა #3 - მოსწავლის თანდასწრებით არასდროს თქვათ ცუდი მასწავლებელზე, ნუ შეულახავთ მას ავტორიტეტს!
მეოთხე კლასში ახალი შესული ვიყავი. ერთ გოგონას გამუდმებით არ ჰქონდა დავალება. ვაცალე ორი კვირა და მერე რვეულში ჩავუწერე, რომ უგულისყუროდ ეკიდებოდა საშინაო დავალებების შესრულებას. მეორე დღეს დამრიგებელი მესაუბრა, ძალიან იყო შეწუხებული - ბავშვის დედას შემოუთვლია, რვეულში აღარაფერი ჩაუწეროს, მამა ნახულობს და ბავშვს სცემსო. წარმოიდგინეთ, როგორ ვინერვიულებდი - ჩემი კომენტარის გამო რამხელა სტრესი მიუღია ბავშვს... რა გამოასწორებდა იმ მოსწავლეს?! ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო - შიშით შენიშვნას ვეღარ ვუწერდი და ისიც არაფერს აკეთებდა.
ასეთი რამ ხშირად ხრდება. თანამშრომელი მომიყვა, ერთი ბიჭის მშობელს ვუთხარი, ცუდად მოიქცა-მეთქი და ჩემი თანდასწრებით ისე გალანძღა ბავშვი, სულ თავბედი ვიწყევლე, რამ მათქმევინაო.
რჩევა #4 - მასწავლებლის შენიშვნა არ არის მესიჯი, რომ ბავშვზე იძალადოთ!
წლის ბოლო ახლოვდება და შობა-ახალი წლის სამზადისზე, შვილებისთვის მოსამზადებელ ტკბილეულსა და საჩუქრებზე მეტად იმაზე ვფიქრობ, რომ მალე ჩემი უსაყვარლესი მოსწავლეების მშობლები მოვლენ ერთი და იმავე კითხვით: „ჩემს შვილს რატომ არ ჰყავს ათიანი?"; „რატომ ვერ მიიღო ათიანი?"; „რატომ არ დაუწერეთ ათიანი?" ესეც ჩემი საახალწლო სამზადისის ნაწილია. ძვირფასო მშობლებო, გაიხსენეთ საკუთარი თავი, საკუთარი ბავშვობა - რამდენი მოსწავლე იყო თქვენს კლასში ფრიადოსანი, რამდენმა იცოდა ფრიადზე მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და შეეძლო თხზულებების წერა? როცა მშობელი ბავშვს მაღალ ქულას სთხოვს, მას კი ამის უნარი უბრალოდ არ აქვს, კომპლექსდება და საერთოდ კარგავს მოტივაციას.
რჩევა #5 - ნუ ჰკითხავთ ბავშვს „რა მიიღე?"; დაინტერესდით, რა ისწავლა, რა გაიგო ახალი, მოაყოლეთ და გულდასმით მოუსმინეთ. მისი ცოდნის შესახებ ასე უფრო მეტს შეიტყობთ, ვიდრე ქულების რაოდენობით.
ვიდრე მასწავლებელი გავხდებოდი, ამ პრობლემას ასე ვერ აღვიქვამდი. კარგად მახსოვს, ძველ სამსახურში ერთი თანამშრომელი შვილის მშობელთა კრებიდან აღშფოთებული დაბრუნდა - ერთმა მასწავლებელმა მითხრა, თქვენი შვილი არ ისმენს გაკვეთილს, ცუდად იქცევა, უზრდელობაში გადასდისო. პასუხიც იქვე გაუცია - ეტყობა, თქვენი გაკვეთილებია უინტერესო და ისიც შესაბამისად იქცევაო. მაშინ, რა თქმა უნდა, დავეთანხმე, როგორ გაბედა და ბავშვზე ცუდი როგორ თქვა-მეთქი, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი არ არის ასე მარტივი; ბავშვის ინტერესები, დამოკიდებულებები, განწყობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად არ არის ისეთი, როგორიც მის მშობლებსა თუ მასწავლებლებს სურთ. ამ პრობლემის მოგვარება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს.
რჩევა #6 - თუ ბავშვი არ ერთვება საგაკვეთილო პროცესში, იმოქმედეთ მასწავლებელთან ერთად, განიხილეთ პრობლემა და მოიფიქრეთ მისი მოგვარების გზა, რადგან თქვენს შვილს ყველაზე უკეთ თქვენ იცნობთ.
მასწავლებელთან ხშირი კომუნიკაცია აუცილებელია, მაგრამ მშობელმა არ უნდა დაივიწყოს, რომ დრო პედაგოგისთვისაც ისევე ძვირფასია, როგორც ნებისმიერი სხვისთვის. ნუ დაურეკავთ მას მაინცდამაინც კვირა საღამოს - დაე, მანაც თქვენსავით ისიამოვნოს უქმეებით.
თუ დაინახავთ, რომ თქვენი და თქვენი შვილის უფლებები ირღვევა, დაიცავით, მაგრამ ნურც მასწავლებლის უფლებას შელახავთ!
|
Подписаться на:
Сообщения (Atom)